ქართველს სულივით უყვარს ფული, მაგრამ უძირო  სიძულვილით სძულს და ეზიზღება ფულიანი კაცი.

მ. ჯავახიშვილი (ჯაყოს ხიზნები)

გაუთავებელი ქიშპი და მომავლის იმედით ცხოვრება.

ბევრი ფიქრის და მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ჩვენი გულის ტკივილი. ყველას მოგეხსენებათ თუ რარიგად ძნელია სამშობლოდან შორს, სხვა ქვეყანაში გადახვეწილი ადამიანის ემიგრანტული ცხოვრება. გაორებული ცხოვრებით და ნოსტალგიით დამძიმებულები ალბათ უფრო მძაფრად განვიცდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ბოლოს და ბოლოს ჩვენც ხომ ქართველები ვართ. ჩვენთვის ხომ არავის აუკრძალავს სამშობლოს სიყვარული, იმის გამო რომ ემიგრაციაში ვიმყოფებით. 

ხშირად გვიფიქრია რომ იქნებ არ ღირს ჩვენი გულის ნადების გამხელა, რადგან ეს წერილიც არ გადაიქცეს ქილიკის, შურის და ქიშპობის კიდევ ერთ საბაბად.

ჩვენ, სამშობლოდან ასე შორს გადმოხვეწილებს ვერავინ ვერ წამოგვაყვედრებს ფუფუნებაში ცხოვრებას. სწორედ დიდმა გაჭირვებამ და გაუსაძლისმა პირობებმა გვაიძულა დაგვეტოვებინა საქართველო. მომავლის იმედი ყოველივე ჩვენგანს გვაძლევს იმ ძალას, რითაც ვახერხებთ საქართველოდან ასე შორს არსებობას.

ჩვენ ძალას და ენერგიას არ ვზოგავთ, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ კარგი განათლება და რაც მთავარია მათ შევუნარჩუნოთ ეროვნული ცნობიერება და ჩვენ ეს შევძელით. 

ბევრ ჩვენს ახალგაზრდას გაუჩნდა სამშობლოში დაბრუნების სურვილი. თაობები არ გვაპატიებს თუ მათ ამ სურვილს დავუკარგავთ.

საქართველო ამ ბოლო წლებში როგოც იქნა ფეხზე წამოდგა და პატარა ბავშვივით პირველად, გაჭირვებით, მაგრამ სწორედ გაიარა. ჩვენი სამშობლო როგორც იქნა ნორმალურ ქვეყანას დაემსგავსა. ყოველდღიურად თვალს ვადევნებდით თუ როგორ პროგრესიულად, ნაბიჯ-ნაბიჯ უმჯობესდებოდა ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა. დაიწყო მშენებლობის ბუმი: აშენდა გზები, წყალგაყვანილობის, გაზგაყვანილობის თუ კანალიზაციის სისტემები, სკოლები, სამედიცინო დაწესებულებები. შენდება ჰიდროელექტრო სადგურები. რეკონსტრუქცია-რესტავრაცია ჩაუტარდა ისტორიულ ძეგლებს. გაუმჯობესდა და კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა. აშენდა სასტუმროები, სპორტული მოედნები, სკვერები, ბინები ლტოლვილებისთვის, კურორტები. ამოიძირკვა ქურდული მენტალიტეტი და კორუფცია. პოლიცია და შეიარაღებული ძალები პასუხობს უმაღლეს სტანდარტებს. იმატა ტურისტების რაოდენობამ და სამუშაო ადგილებმა და რაც მთავარია პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად ჩატარდა სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. მთავრობის გადაბარება მოხდა მშვიდობიანად!!! რაც უდავოდ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში ფეხი მოიკიდა დემოკრატიულმა ღირებულებებმა. რათქმაუნდა გასაკეთებელი და გამოსასწორებელი კიდევ ბევრია. ვინც აკეთებს, იმას ეშლება კიდეც! არ დაგვავიწყდეს ისიც თუ როგორ მდგომარეობაში ჩაიბარეს ხუთას მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ქვეყანა ახალმა ხელისუფლებამ ვარდების რევოლუციის შემდეგ. დღეს კი ბიუჯეტმა რვა მილიარდს გადააჭარბა.

ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ყველაფერი დროის ასე მცირე მონაკვეთში მოხდებოდა. დღეს მართლაც ან ბრმა უნდა იყო, ან შეგნებულად არ უნდა გინდოდეს ამ ყველაფრის დანახვა. სრულყოფილების მიღწევას კი სწავლა, შრომა, მონდომება, ბევრი დრო და შენი ქვეყნის სიყვარული სჭირდება. 

საქართველოს ჭეშმარიტი წინსვლა და აღმშენებლობა მხოლოდ კავკასიონის ქედს იქით მოკალათებულ ქართველყლაპია რუსეთს არ ასვენებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა წელში ვერ გამართულიყო, მაგრამ მიუხედავად ბევრი მზაკვრობისა ეს ვერ გამოუვიდა. მაშინ ჩვენმა "უფროსმა ძმამ" გადაწყვიტა ისევ ნაცად ხერხისთვის მიემართა და ციხის კარები ჩვენივე დახმარებით შიგნიდან გაეღო. არ გვინდა ვიფიქროთ რომ მან ეს მოახერხა, მაგრამ როგორც ამბობენ: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო."

განა შეიძლება ვინმეს თავში მოუვიდეს ის აზრი, რომ თურმე საქართველომ დაიწყო ომი. თურმე საქართველო დასხმია თავს "მშვიდობის მტრედად" მოვლენილ რუსეთს. ასეც რომ ყოფილიყო, ეს როგორ უნდა თქვა თუ ოდნავ მაინც გიყვარს შენი ქვეყანა, მითუმეტეს რომ ეს ასე არ არის სინამდვილეში. 

გავიხსენოთ ახლო წარსულში თუ როგორ (ან რა უფლებით) ურიგებდნენ რუსულ პასპორტებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში. შემდეგ კი ვითომდა თავიანთი მოქალაქეების დაცვის საბაბით შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. 

საინტერესოა საქართველოს რომ დაერიგებინა ქართული პასპორტები ვთქვათ ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ან რომელიმე ჩრდილოკავკასიის რესპუბლიქაში, რა რეაგირება ექნებოდა რუსეთს???.....! 

ასე რომ ქართველები კი არ გადავიდნენ კავკასიონის ქედს მიღმა, არამედ რუსეთი გადმოვიდა, ან უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით - შემოვიდა როკის გვირაბით, რომელიც სამწუხაროდ "ქართველის" ხელით იყო გათხრილი. სხვათაშორის ეს "ქართველი" დღესაც წყნარად ნებივრობს კრწანისის რეზიდენციაში და წერს მემუარებს. 

თვითონ რუსებიც აღარ მალავენ რომ უკვე 6-7 აგვისტოს მათი სპეცრაზმი "ვიმპელი" და პსკოვის სადესანტო ბატალიონი უკვე დაბანაკებული იყო სოფ. ჯავასთან ე.წ. რუსი "სამშვიდობოების" ბანაკში. 

ტალიავინის დასკვნა კი ხომ ყველამ კარგად ვიცით იმ დროს გადატვირთვის ე.წ. პოლიტიკის გამო იყო შერბილებული, რადგან ევროპელებს არც მწვადი დაეწვათ და არც შამფური. 

ნებისმიერ სხვა ქვეყნის ლიდერს აზრადაც არ მოუვა თავში, რომ ამდაგვარი რამ ეთქვა თავის ქვეყანაზე. მაშ ჩვენ რა დაგვემართა, რატომ არ შეგვიძლია ქვეყანას რომ სჭირდება ასეთ დროს მაინც გვერძე გადავდოთ ჩვენი პირადული, და ქვეყნის ინტერესები დავაყენოთ უპირველესად. შურისძიების და ერთმანეთის გაუტანლობის გამო რატომ ვჭრით საკუთარ სამშობლოს ყელს? 

პუტინის საამებლად გაკეთებული ბევრი ასეთი წინდაუხედავი განცხადებებით გვინდა რუსეთის გულის მოგება. მაგრამ ვერც მოვიგებთ და არც არასოდეს მოგვიგია, რადგან რუსეთს მთელი ამ საუკუნეების მანძილზე მხოლოდ მისი ჩექმის ქვეშ მყოფი "უმცროსი მეგობარი" სჭირდება. რუსეთს რა ხანია მთელი კავკასია სათავისოდ აქვს გადაქცეული. ბოროტების იმპერიის უკეთესობისაკენ შეცვლაზე ფიქრი დიდი სიბრიყვეა თუ სათავეში არ მოვიდა დემოკრატიულად მოაზროვნე ხელისუფლება. იმპერიის ყველაზე სუსტი წერტილი კავკასიაა. კავკასიის გასაღები კი საქართველოშია. ასე, რომ ნუ ჩავუგდებთ იმ ოქროს გასაღებს მათ, რადგან მათგან მოტყუების და ღალატის მეტს ნურაფერს ველოდებით. 

გვინდა ასევე ხაზი გავუსვათ იმ მოურჩენელ სენს რაც გვჭირს ქართველებს. არასასურველი ხელისუფლების მიერ შექმნილი არაფერი არ ვარგა და ყველაფერი ექვემდებარება დანგრევას ან პროფილის შეცვლას! მითუმეტეს თუ რაიმე თვალში არ მოგვივიდა ან ჩვენს გემოვნებას არ აკმაყოფილებს.

გვინდა შევახსენოთ მავანთ და მავანთ რომ ბევრ პარიზელს არ მოსწონდა ეიფელის კოშკი, მიიჩნევდნენ როგორც პარიზის სიმახინჯეს და მისი დემონთაჟიც კი უნდოდათ, მაგრამ მან წლებს გაუძლო და დღეს ეიფელის კოშკი პარიზის სიმბოლოდ დარჩა!!!

ასე, რომ ბევრს მოსწონს მშვიდობის ხიდი თბილისში და ბევრს არა. ბევრს მოსწონს ნარიყალას ძირში აგებული შუშის კუბათ წოდებული სასახლე და ბევრს არა. გემოვნებაზე არ დაობენ. 

მოდით იქნებ დავანგრიოთ ის რაც ყველას არ მოსწონს. მაგალითად ხრუშჩოვკებათ, მოსკოვის და ლვოვის პროექტებად წოდებული ე.წ. საბჭოთა დანატოვარი. მით უმეტეს შემდგომ მიშენებული ლოჯებით. ეს ხომ არქიტექტურის სრული სიმახინჯეა. ეს ეგრედწოდებული არქიტექტურის "შედევრები" ხომ მთელ საქართველოშია მოფენილი. 

ან როგორ შეიძლება წყნარად ვუყუროთ იმ გაუთავებელი დაჭერების კასკადს, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით ვითარდება. დღეს არსებული ხელისუფლება ხომ სწორედ ასეთი დაკავების გამო ჩაუდგა ოპოზიციაში წინა ხელისუფლებას. ახლა განა იგივეს არ სჩადიან თუ უფრო უარესს არა, რადგან დღევანდელი დაკავებები უფრო მაშტაბურ ხასიათს ატარებს. 

განა სასაცილო არ არის თუ სატირელი არა, როდესაც იბარებ პიროვნებას ჩვენების მისაცემათ "მოდულის" შენობაში და შემდეგ კი აკავებ თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტებისათვის, ნარკოტიკის და იარაღის უკანონო შენახვისთვის. ეს ხომ ჩვენ ყველამ დიდი ხანია გავიარეთ. თუ გაუთავებლად უნდა ვიტრიალოთ ამ ჯადოსნურ წრეში. როდესაც შენ, ხელისუფლება, ასეთი შეთიხნილი ბრალდებით იჭერ მეოთხე ბრიგადის გენერალს, იმ ბრიგადას, რომელმაც წარმოუდგენელი გმირობის და თავდადების ფასად შეაჩერა რუსეთის ჯარი დიდი ლიახვის ხეობაში. ფაქტობრივად 5 დღიან ომში გაანადგურა მოწინააღმდეგე და თბილისში არ შემოუშვა. ამის შესახებ თვითონ სამხედრო რუსეთის ელიტაც არ მალავს. 

იქნებ ესეც პუტინის საამებლად კეთდება? მაშინ მართლაც ცუდად ყოფილა საქმე, რადგან რუსეთს სულაც არ სჭირდება გ. კალანდაძის ნაირი გენერლები საქართველოში, არამედ ისურვებდნენ ვარდიკო ნადიბაიძის ნაირებს. 

მაშინ იქნებ შევარდნაძეც დაგვებარებინა "მოდულის" შენობაში ჩვენების მისაცემად და შემდგომში ბრალდებებით მიგვებარებინა გლდანის იზოლატორში. ეჭვი ხომ არავის არ ეპარება, რომ წარმოუდგენლად ბევრი მუხლის მიყენებას შესძლებს დღეს მის მიმართ იუსტიციის სამინისტრო. 

ერთი რამე კი ცხადზე ცხადია, ევროპას და დანარჩენ მსოფლიოს ჩვენ დემოკრატიით ვერ გავაოცებთ, მაგრამ ასეთი რა გვინდა და გვჭირს რომ დაუფიქრებელი და არა მიზანმიმართული საქციელით თუ ქმედებით, უკვე ნამდვილად გავაოცეთ. 

მართალია საქართველოს პრეზიდენტი ემოციური და ხშირ შემთხვევაში ოდნავ გაუწონასწორებულია თავის გამონათქვამებში, მაგრამ ის საქართველოს პრეზიდენტია. სწორედ ასეთ ქარიზმატულ და ენერგიით სავსე ლიდერს შეეძლო ასე მოკლე ვადაში ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ეს ხომ უდავოა და ამაზე მაინც შევთანხმდეთ. იქნებ დადგა დრო, რომ ყველამ ქვეყნის პირვლ პირს ვცეთ პატივი, როგორც ქვეყნის სიმბოლოს და არა როგორც კონკრეტული სახელის და გვარის მატარებელს. საქართველოს კონსტიტუციით დღეს ასევე ქვეყნის სიმბოლოა საქართველოს პრემიერ მინისტრი. მოგვწონს იგი თუ არ მოგვწონს. ეს დღევანდელი რეალობაა და ამას უნდა შევეგუოთ, თუ ქვეყანა გვიყვარს რასაკვირველია.

მოვა დრო როდესაც საქართველოს ეყოლება ისეთი პირველი პირი, როგორიც იყო ექვთიმე თაყაიშვილი, ქართველი, რომელიც ყოველთვის სამშობლოს ყველაზე წინ აყენებდა. ამას დრო და მოთმინება სჭირდება. ეს დრო კი აუცილებლად დადგება თუ ოდნავ მაინც ვისწავლით ჩვენი ემოციების და ამბიციების დაოკებას. ამიტომ დიდი თხოვნით მოგმართავთ ყველას და პირველ რიგში საქართველოს პრემიერ მინისტრს. გთხოვთ! უნდა მოიძებნოს ძალა და რაც მთავარია სურვილი ორივე მხრიდან და პირველ რიგში თქვენგან ბატონო პრემიერ მინისტრო. საქართველომ უნდა შესძლოს ერთად თანაარსებობა. დავძლიოთ წყენა და გადავდგათ ერთხელ და სამუდამოდ ის ნაბიჯი რაც ჩვენს ქვეყანას მოუტანს სიკეთეს. ეს სიკეთე კი ერთად თანაარსებობაა და ქვეყნის სამსახურში ერთად დგომაა ბატონო პრემიერ მინისტრო. მხოლოდ ასე შევძლებთ ქვეყნის გადარჩენას და ევროპის გაოცებასაც, თუ ეს ასე მნიშვნელოვანია. 

ჩვენი აზრით კი უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ახალგაზრდობას, რომელთაც ასე სწყურია სამშობლოში დაბრუნება, არ მოვუსპოთ ეს სურვილი. 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საბოლოოთ ხომ ჩვენმა შვილებმა უნდა ჩაიბარონ თავიანთი სამშობლო. ჩვენ ხომ ცას ვერ შევაბერდებით. ჩვენი შვილებიც მომავლის იმედის ანაბარად ხომ არ უნდა დავტოვოთ. ამას კი ნამდვილად არ გვაპატიებს შთამომავლობა. გთხოვთ ერთხელ და სამუდამოდ დავუსვათ წერტილი შურისძიებას, მტრობას და სიძულვილს. ერთად დავამარცხოთ ეს მავნე სენი საქართველოში. 

ქვეყანას ან ერთად ავაშენებთ ან ისევ რუსეთის იმპერიის სიბნელეში გადავჩეხავთ. ამ სიბნელიდან ამოსვლას კი საუკუნეები დასჭირდება. გავერთიანდეთ და თუ ამას შევძლებთ, მაშინ მართლა გავაოცებთ არა მარტო ევროპას არამედ მთელ მსოფლიოს. 

ლოს ანჯელესში მცხოვრები ქართველები. 

{petition identifier="Georgian LA Petition"}